ჰალშტატში წასვლა ჯერ კიდევ მაშინ გადავწყვიტე, როცა ჩემს გარშემო არავინ იყო ნამყოფი და ძირითადად უცხოური ბლოგებიდან და საიტებიდან ვხედავდი ულამაზეს ფოტოებს, მთებში მოქცეული ტბას, მასში არეკლილი ბუნებას, გედებს, მთის კალთაზე შეფენილ ფერად სახლებს, სიმშვიდეს. გადავწყვიტე ეს ადგილი ჩემს უახლოეს სამოგზაურო გეგმებში ჩამედო.
თუ თქვენთვის ბუნება პრიორიტეტია ან განტვირთვა და რელაქსაცია გსურთ ევროპის გულში ან თუ ფოტოებისთვის განსხვავებულ ადგილებს ეძებთ, ჰალშტატის მონახულება ნამდვილად დაუვიწყარი მოგონება იქნება.
ჰალშტატში მოხვედრა ყველაზე კომფორტულია ზალცბურგიდან. თუმცა ავიაბილეთების ბიუჯეტის და გრაფიკის მიხედვით თქვენი მოგზაურობა შეგიძლიათ დაგეგმოთ ვენაში ჩაფრენით ან მიუნხენიდან გადასვლით, ასევე შესაძლებელია პრაღიდან და ბერლინიდან.
მე ჩემ ჩეხ მეგობარ დარინასთან ერთად პრაღიდან გავეშურე ამ ადგილის აღმოსაჩენად. გზად ზალცბურგში დავრჩით. ჰალშტატამდე ზალცბურგში შესვენება კარგი აზრია. პირველ რიგში მოცარტის ქალაქს და ულამაზეს ქალაქს ნახულობთ და ასევე ემზადებით კულტურული შოკისთვის, რასაც ავსტრიული სოფლები გვიმზადებს.
ზალცბურგი მოცარტის სამშობლოა. ჩვენ ჩასვლას დაემთხვა ძალიან საინტერესო პროექტი - „მოგზაური მუსიკა“ - მოცარტის მოედანზე დაგხვდა როიალი და ნებისმიერ გამვლელს შეეძლო მოცარტის ან მისთვის საყვარელი სხვა კომპოზიტორის ნაწარმოები შეესრულებინა. დაინტერესება და ჩართულობა საკმაოდ დიდი იყო. მუსიკას რომ დიდი გავლენა აქვს ქალაქზე ამ მომენტშიც გამოიკვეთა. ფაქტიურად არ ყოფილა პაუზა, მაცხოვრებლები, გამვლელები, ტურისტები სხვადასხვა ასაკის და ეროვნების მიუხედავად ერთმანეთს ცვლიდნენ, თითოეული მონაწილე აპლოდისმენტებით ჯილდოვდებოდა. ეს დადებითი განწყობა და მუსიკის ჰანგები მთელი მოგზაურობის განმავლობაში ერთგვარი პოზიტივი იყო.
მოცარტის სახლის, მირაბელის სასახლის და ბაღების, ჰოენზალცბურგის ნახვის შემდეგ განტვირთვისთვის იდეალური ადგილია მდინარის მწვანე სანაპირო, მოცარტის მოედნიდან მომავალმა ჰანგებმა და შთამბეჭდავმა ხედმა ზალცბურგის ტური უფრო სასიამოვნო გახადა.
ზალცბურგიდან ჰალშტატი 3 საათის სავალზეა. ჰალშტატში 1 სრული დღე სავსებით საკმარისია. ამიტომ შეგიძლიათ საღამოს კვლავ ზალცბურგში დაბრუნდებთ ან სურვილისამებრ გაჩერდეთ ჰალშტატის სასტუმროებში. გზა ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავია: ავსტრიული სოფლები, სპა კურორტები, მთების და ტბების პეიზაჟები.
ჩვენი გზა ზალცბურგიდან, მირაბელის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. გავყევით ადგილობრივ ავტობუსს. სულ გამოვიცვალეთ 3 ტრანსპორტი - ავტობუსი, მატარებელი და ტბის ნაპირიდან სოფლამდე გადასასვლელად - გემი. სულ ერთი გზა 16 ევრო ჯდება. ავტობუსის და მატარებლის ბილეთის პაკეტი ერთად ვიყიდეთ ავტობუსში ასვლისას 14 ევროდ, ხოლო გემზე ასვლისას ადგილზევე გადავიხადეთ ბილეთის ღირებულება -2 ევრო.
ეს ადგილი მართლაც საოცარია. რთული, დამღლელი სამუშაო წლის შემდეგ კი უფრო მეტი ემოცია, სიმშვიდე და განტვირთვა მოდის. ჩვენი ჩასვლისას წვიმა დაიწყო. სანამ სანაპიროს მეორე მხარეს გადავედით წვიმიანი ხედი ცისარტყელამ და მთების განათებულმა ხედებმა შეცვალა.
ერთმანეთის გვერდით ჩაწყობილი პატარა სახლები, ყვავილებით მორთული აივნები, პატარა ბილიკები, სიმწვანე - თითქოს ზღაპარში ვიყავით.
ჰალშტატი ძველი ავსტრიული სოფელია მხოლოდ 800-მდე მაცხოვრებლით. სოფელში სიარულისას უფრო მეტი ტურისტი შეგხვდებათ ვიდრე - ადგილობრივი. განსაკუთრებით პოპულარულია ჩინელი ტურისტებისთვის. ჩინეთში ჰალშტატის ანალოგიური სოფელიც კი შექმნეს ხელოვნური ტბით.
სოფლის ერთ-ერთი სიმბოლო პატარა ბაზილიკაა. ეკლესიიდან ულამაზესი ხედი იშლება. ტურისტებისთვის ქალაქის ცენტრში სუვენირების სავაჭრო მოედანია, გარშემორტმული კაფეებით. თუმცა მთავარ ღირსშესანიშნაობას ადგილობრივებისთვის მარილის მაღარო წარმოადგენს. თვითონ სოფელი დაკავშირებულია მარილის მოპოვებასთან და მარილის უძველესი მაღაროც აქ მდებარეობს. შეგიძლიათ ფუნიკულორით ახვიდეთ მაღაროში, ჩაიცვათ სპეციალური ფორმებით და საინტერესო ტურის მონაწილე გახდეთ. სანაპიროსთან არის ტრადიციული ავსტრიული კაბების გაქირავების სალონი, ვისაც გსურთ ავსტრიული ფორმა მოირგოთ, ფოტოსესიაც მოჰყვება პაკეტს.
ერთი პრაქტიკული რჩევა მოგზაურებს - არეალზე აკრძალულია დრონის გამოყენება, სახლებზე მიკრულია შენიშვნაც, რომ მაცხოვრებლები ცხოვრობენ და გავუფრთხილდეთ მათ პირად სივრცეს.
ევროპაში ბევრი ქალაქის თუ ქვეყნის მონახულების, მოგზაურობის, სწავლის თუ მუშაობის შემდეგ ჰალშტატი მაინც გამორჩეული და განუმეორებელი აღმოჩნდა ჩემთვის. ფოტოების თვალიერებისასაც კი ისევ ის ემოცია ბრუნდება, რომელიც სოფელში მისვლის პირველ წუთბში მქონდა.
ჰალშტატი ნებისმიერ სეზონზე საინტერესო და ლამაზია. აუცილებლად ჩასვით თქვენს სამოგზაურო გეგმებში და თქვენი არდადეგები თუ შვებულებები დაუვიწყარი გახდება.