ტური ბარსელონაში

კატალონიელები ამბობენ:

რომ არ ყოფილიყო ნახევრად შეშლილი, უცნაური კაცი ანტონიო გაუდი, არ იქნებოდა ბარსელონა;

რომ არ ყოფილიყვნენ ისინი, ვინც გაუდის თავისი იდეების განხორციელებისთვის დაუთმო ბარსელონა, არ იქნებოდა გაუდი.

რომ არ ყოფილიყო იმ დროის შეძლებული პიროვნება ეუსები გუელი, რომელმაც დააფინანსა გაუდის ყველა არაორდინალური იდეა, არ იქნებოდა გაუდი.

გაუდი, რომელიც ჯიბით კვერცხს ატარებდა, იმდენად უყვარდა წრე და არ აღიარებდა კუთხეს არქიტექტურაში, რომელიც არასდროს აკეთებდა პროექტს, ნახაზს და მხოლოდ ადგილზე წყვეტდა რა აეშენებინა. 

დავიწყოთ მოგზაურობა ანტონიო გაუდის ბარსელონაში

 

არქიტექტურა, კულტურა, ისტორია, ხელოვნება, ხალხი, ფეხბურთი და გემრიელი სამზარეულო - ეს ყველაფერი თავმოყრილია ბარსელონაში. ქალაქში, რომელიც ესპანეთის ყველაზე ტურისტულ და პოპულარულ ადგილს წარმოადგენს. მომაჯადოვებელ ბარსელონაში, თუ მოკლე დროით აპირებთ მოგზაურობას, კარგად უნდა გათვალოთ და დაგეგმოთ რომელი მიმართულების აღმოჩენა გსურთ . რეკომენდებულია რომ 3 დღეზე მეტი დაუთმოთ და აღმოაჩინოთ კატალონიის ცენტრი სიღრმისეულად.  ამ პოსტში საშუალო ხანგრძლივობის  ტურს შემოგთავაზებთ.

აეროპორტიდან გასვლა

აეროპორტიდან ცენტრში მისასვლელად შეგიძლიათ დაზოგოთ თანხა და გადაადგილდეთ მეტროთი ან ავტობუსებით, რომლებიც აეროპორტში ჩერდება. საკმაოდ მოსახერხებელია მეტრო L9 სტაფილოსფერი ხაზი, გადის პირველი და მეორე ტერმინალიდან და უერთდება ქალაქის მეტროს ხაზს. ცენტრამდე გადაადგილებას საშუალოდ 40-50 წთ სჭირდება.

 

ტრანსპორტის ტარიფები:

- აეროპორტიდან გასასვლელი მეტროს ბილეთის ღირებულება-  4,5 ევრო ერთ პერსონაზე

- ქალაქში საზ. ტრანსპორტის single ticket, ერთი მიმართულებით ერთჯერადი გამოყენების ბილეთი - 2,15 ევრო ერთ პერსონაზე

- ასევე არის T10 Сard, ბარათი რომელიც გთავაზობთ 10 გასვლას საზ. ტრანსპორტით, ბარათი არის მულტიპერსონული, რაც საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ როგორც თქვენთვის, ასევე თქვენთან ერთად მოგზაური პირებისთვის. ეს ბარათი ქალაქის პირველ ზონაში გადაასადგილებლად, სადაც ძირითადი ღირსშესანიშნაობებია თავმოყრილი 9,95 ევრო ღირს. 

 ბილეთების ყიდვა შეგიძლიათ აეროპორტში ან მეტროს და ავტობუსის გაჩერებაზე აპარატებიდან. 

ბილეთის ვალიდაციის და კონტროლის მექანიზმი იგივეა, რაც  ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებში.

*ბარსელონას მეტროში საკმაოდ ხშირად არის კონტროლი. 

ენა

მეტროში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაჩერებები ცხადდება კატალონიურ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე. 

ესპანური ენის საბაზისო ცოდნა ძალიან გაგიმარტივებთ გადაადგილებას.

 

 

ძირითადი ღირსშესანიშნაობები 

 Sagrada Familia - რა თქმა უნდა, დავიწყოთ ბარსელონას სიმბოლოთი.  ანტონიო გაუდიმ ტაძრის შენება 1882 წელს დაიწყო და მისი ნახაზებით კონსტრუქციების დამატება დღემდე მიმდინარეობს. ამბობენ, რომ სრული სახით 2026 წელს უნდა წარსდგეს ჩვენს წინაშე. გულწრფელად რომ გითხრათ, ადრეული კონსტრუქციები უფრო შთამბეჭდავია ვიდრე დღევანდელი. თუმცა ეს ინდვიდუალური და სუბიექტური აზრია. 

საგრადა ფამილიას ტური 15-29 ევრო ღირს. 

მდებარეობს ამავე დასახელების მეტროს სადგურთან (L2 და L5  ხაზების კვეთაზე)

Avinguda Diagonal

კათედრალიდან 20 წუთის სავალზე კი ერთ-ერთი მთავარი გამზირია, რომელიც ქალაქს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად ჰყოფს. ამ ქუჩის დათვალიერება კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება  როცა გაივლით Casa Serra-ს, Casa de Terrade-ს და ნეო-გოთიკური Casa del Baro de Quadra-ს, სადაც დღეს მუსიკის მუზეუმია განლაგებული.

Casa Mila

Avinguda Diagonal-დან გადადიხართ Passeig de Gracia-ს ქუჩაზე, სადაც  გაუდის ხელწერა Casa Mila-ს სახით იწყება. 1906-1912 წლების არქიტექტურა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია და დღეს კულტურის ცენტრს წარმოადგენს.

აქ ტურის ღირებულება 22-29 ევრო ღირს. 

 

სულ რაღაც 5 წუთის სავალზე  გრძელდება არქიტექტურის შედევრების გამოფენა: Casa Batlo, Casa Amatller, Casa Leo Morrera

 

Plaça de Catalunya

კატალონიის სკვერი Casa Leo Morrera-დან 5-10 წუთის სავალზე მდებარეობს. ყოველთვის სავსე ტურისტებით და ტურისტული სანახაობებით. ბარსელონას მთავარი სკვერი ძველ ქალაქსა და მნიშვნელოვან ქუჩებს: Ramlba-ს და Passeig de Gracia-ს შორის მდებარეობს.

La Rambla

კატალონიის სკვერიდან რამბლას ქუჩაზე 7 წუთში მოხვდებით. ლა რამბლა - ეს არის 1.2 კმ. სიგრძის ბულვარი ბარსელონას ცენტრში. უამრავი სანახაობა, გამოფენა თუ ქუჩის მუსიკოსი  გხვდებათ. ბულვარი სრულდება კოლუმბის ქანდაკებით.

რამბლაზე სეირნობა ტურისტისთვის სიურპრიზებთანაა დაკავშირებული. მაგალითად მე, მოულოდნელად ფლამენკოს ცეცხლოვანი ცეკვის ნახვის შესაძლებლობა მომეცა, რამაც სულ სხვა ელფერი შესძინა ჩემს ტურს. 

 

 ლა რამბლაზე სეირნობისას შეგხვდებათ სამეფო სკვერიც - Placa Reial. რაც ერთ-ერთი პოპულარული ადგილია ადგილობრივების და ტურისტების შესვენებისთვის, რამბლას ოაზისის ტკბობისთვის ფინჯან ყავასთან ერთად.

Palau Güell

სამეფო სკვერიდან 2 წუთში კვლავ ქალაქის მთავარი არქტიტექტორის შედევრი გვეგებება - გუელის სახლი გოთიკური, ისლამური, არტ-ნუვო სტილით. სახლი მდიდარია ფერებით, მოზაიკით, თაღებით, დამუშავებული ქვით, მარმარილოთი. 

ვიზიტი და ამ შედევრის ინტერიერის ნახვა 12 ევრო ღირს. 

Columbus Monument

გუელის სახლიდან კოლუმბის მონუმენტთან 5 წუთში გაჩნდებით. 60 მეტრიან სვეტზს 7 მეტრიანი კოლუმბის ქანდაკება ამშვენებს ზღვისკენ მიმართული ხელით. მონუმენტი 1888 წელს შეიქმნა და ეძღვნება ახალი სამყაროს - ამერიკის აღმოჩენას.

ამ ვიწრო სვეტში დამონტაჟებულია ლიფტი. რა თქმა უნდა, შანს ხელიდან ვერ გავუშვებდი, სულ რაღაც 6 ევროდ კოლუმბის ქანდაკების ქვეშ, 60 მეტრის სიმაღლეზე მოვექეცი და vale... ულამაზესი ხედი 360 გრადუსით. კოლუმბის ძეგლით მთავრდება რამბლა და იწყება ბარსელონას პორტი. ამიტომ ხედად მთლიანი ქალაქი და ათასგვარი ფერია. 

პორტი და სანაპირო

ბარსელონას პორტი სურათების გადაღებისთვის ულამაზესი ადგილია. არის ტურები ძველ გემებზე, რომლებსაც ხიდთანვე ნახავთ. 

შემდეგი დღეებისთვის შეგიძლიათ მოიტოვოთ:

Palau de la Música Catalana  რომელიც მეტრო Urquinaona-სთან ახლოს მდებარეობს. სასწაული ინტერიერით, თუმცა შესვლის ღირებულებით -18 ევრო.

Museu Frederic Marès გოთიკურ უბანში. შესვლის ღირებულება 4 ევრო.

მუზეუმის გვერდით - ბარსელონას კათედრალია. შესვლის ღირებულება 3 ევრო. *გაითვალისწინეთ, რომ კათედრალში შესვლისას არის დრეს კოდი: მუხლები და მხრები დაფარული უნდა იყოს. 

კათედრალიდან 2 წუთში Plaça del Rei - მეფის სკვერი გხვდებათ გოთიკური უბნის შუა საუკუნეების შენობების გარემოცვაში. სწორედ ამ ადგილას დახვდნენ მეფე ფერდინანდი და დედოფალი იზაბელა ახალი სამყაროდან დაბრუნებულ ქრისტეფორე კოლუმბს.  

სკვერში წარმოდგენილია ბარსელონას ისტორიის მუზეუმი, ნამდვილად რეკომენდებულია შესვლა. ტურის ღირებულება- 7 ევრო.

რა თქმა უნდა, არ უნდა დატოვოთ ბარსელონა პიკასოს მუზეუმის გარეშე და კათედრალიდან დაახლოებით 5 წუთში  სწორედ პიკასოს მუზეუმის წინ აღმოჩნდებით. თვითონ პიკასომ მუზეუმს 2500 ნამუშევარი გადასცა, მოგვიანებით კი ის კიდევ შეივსო პირადი კოლექციებიდან.

მუზეუმში ტურის ღირებულებაა 11-14 ევრო. 

გაისეირნეთ Montjuic-ზე ფუნიკულორით, მიმდებარე ტერიტორიაზე კი მოინახულეთ Museu d'Art de Catalunya, მიიღეთ შთაბეჭდილება მე-14-20-ე საუკუნეების ადგილობრივი და ევროპელი მხატვრების ნამუშევრებით.

ტურის ღირებულება 12 ევრო.

Plaça d'Espanya 

ესპანეთის მოედანი, რომელიც ამავე დასახელების მეტროს სადგურთან მდებარეობს, Montjuic-ის კარიბჭედ ითვლება. ტური  მოედნისკენ მიმართეთ. მოედნის ერთ მხარეს მრგვალ, ძველი სტადიონის მსგავს შენობას შენიშნავთ. აქ ადრე  კორიდების ბრძოლა იმართებოდა, დღეს კი შოპინგ ცენტრს წარმოადგენს. მოედნის მეორე მხარე კი მიუყვება გზას ფანტანამდე და ეროვნულ სასახლემდე. სასახლის დასაწყისში 2 კოშკს შეამჩნევთ, 47 მეტრის კოშკები ვენეციის წმ. მარკოს კოშკის მსგავსად არის აგებული და ქმნის ერთგვარ კარიბჭეს სასახლემდე. საღამოს კი იწყება ფანტანის შოუ. 

Park Guell

ძირითადი ღირსშესანიშნაობებიდან ცოტა მოშორებით, ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში Park Guell გაუდის კონცეფციით აგებული პარკი მოინახულეთ არაჩვეულებრივი ხედით და მონუმენტებით.

 

მონუმენტების ნაწილში შესვლა 7 ევრო ღირს, პარკის დანარჩენი ნაწილი კი უფასოა. 

მდებარეობს El Coll | La Teixonera მეტროს გაჩერებიდან 900 მეტრში.

 

MUSEO DEL FUTBOL CLUB BARCELONA

ფეხბურთის მოყვარულებისთვის საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" მუზეუმი საინტერესო იქნება. ბილეთის ღირებულება 32 ევროს შეადგენს და  მუზეუმის გარდა შეგიძლიათ ნახოთ კამპ-ნოუს სტადიონი: მუზეუმიდან გადიხართ ტრიბუნაზე საიდანაც საოცარი  ხედი იშლება. უმჯობესია ეწვიოთ საღამოს, სტადიონის განათებით ტური უფრო ეფექტური გამოდის. 

 

თუ ბარსელონას ძირითადი ღირსშესანიშნაობები უკვე მოინახულეთ, შემდეგ ეტაპისთვის გირჩევთ ამ სასწაულ ადგილს:

Monestir de Montserrat - მონსერატის სამონასტრო კომპლექსი ბარსელონადან 1 საათის სავალზე. აქ მისასვლელად ყველაზე კომფორტული გზა მანქანის დაქირავებაა ან ადგილობრივი ტურის აღება.

 

Memento Mori - El beso de la muerte

ტრიუმფალური თაღის სიახლოვეს, პობლენოს ძველ სასაფლაოზე, ყველაზე შორეულ კუთხეში, ხვდებით სიკვდილის ანგელოზის და ახალგაზრდის სკულპტურას  - "სიკვდილის კოცნას",  სხვანაირად კი  ''Memento mori''-ს  და გვახსენებს სიკვდილის გარდაუვალობას.  სკულპტურა დათარიღებულს 1930 წლით, ავტორი კი უცნობია, რაც უფრო მეტ მაგიურობას სძენს.

 

შოპინგი

დატვირთული დღეების შემდეგ შოპინგ-თერაპიისთვის ეწვიეთ ბრენდული მაღაზიების ქუჩას Passeig de Gracia-ს, ხოლო უფრო ბიუჯეტური შოპინგისთვის Girona-ს ქუჩას.

ფლამენკო

და ბოლოს კატალონიის კულტურის უფრო სიღრმისეულად გასაცნობად დაესწარით ფლამენკოს შოუს, ბილეთების ფასი - 15 ევროდან. 

 

 

 მუზეუმების უფასო დღეები:

  • Museu Nacional D'Art de Catalunya  უფასოა ყოველი თვის პირველ კვირას.
  • ბარსელონას კათედრალში შესვლა უფასოა დილის 8 საათიდან 12:45 სთ-მდე და 17:15 სთ-დან 20:00 სთ-მდე.
  • პიკასოს მუზეუმი უფასოა თვის პირველ კვირა დღეს.

 საავტორო უფლებები დაცულია. დაგვიკავშირდით სტატიის სხვა საიტზე განთავსებამდე. 

 

დაგვიკავშირდით:
 მის: პეკინის ქ.#34, ბიზნეს ცენტრი საბურთალო, მე-2 სართული, 0160 თბილისი, საქართველო         info@everywhere.ge    T:. 0322 238831   facebook.com/evtoursgeorgia
© 2017 everywhere.ge All Rights Reserved. Designed By DigitalFrame