ბერლინი

 

ავიაკომპანია Wizzair პირდაპირი რეისით ბერლინის Schönefeld აეროპორტში მიგიყვანთ. ბერლინის მიმდებარე ტერიტორიიდან პირველ რიგში ამ კადრებს დაინახავთ.

შემდეგ ხანმოკლე საპასპორტო კონტროლის პროცედურა და უკვე მზად ხართ ბერლინის აღმოსაჩენად. 

აეროპორტიდან ცენტრამდე:

პირველი გასათვალისწინებელი მომენტი - აეროპორტიდან სასტუმრომდე გადაადგილებაა ან რადგან დილით ადრეა ჩაფრენა, ხოლო სასტუმროების სრული უმრავლესობა Check in-ს 14:00 სთ-დან იწყებს, შესაძლოა პირველ რიგში ცენტრალური ღირსშესანიშნაობების დათვალიერება გქონდეთ დაგეგმილი.

აეროპორტის გასასვლელშივე არის  საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთების გაყიდვის ოფისი, როგორც ბილეთებით, ასევე რუკით და გადაადგილებისთვის საჭირო ინფორმაციით მოგამარაგებენ. 

ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი მარშუტი - გასასვლელიდან 5 წუთში აეროპორტის მატარებლის სადგურია, საიდანაც  S9 და S45 წაგიყვანთ ცენტრისკენ.   ცენტრალური მიმართულებით გასვლისთვის ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ რეგიონალური ექსპრესს მატარებლები RE7 და RB14 (გასვლა ყოველ ნახევარ საათში,  04.30 სთ-დან 23:00 სთ-მდე)

აეროპორტი მდებარეობს C ზონაში, ცენტრალური გადაადგილებისთვის კი რეკომენდებულია ისეთი ბილეთის აღება, რაც უზრუნველყოფს ABC ზონების დაფარვას. 

 

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფები: 

ერთჯერადი ბილეთი: 

AB ზონისთვის: 2.80 ევრო; 
ABC ზონისთვის: 3.40 ევრო;

ერთდღიანი ულიმიტო ბილეთი: AB ზონისთვის - 4.5 ევრო ერთი პერსონისთვის

ერთდღიანი ულიმიტო ბილეთი: AB ზონისთვის - 19 ევრო 5 კაციანი ჯგუფისთვის 

7 დღიანი ულიმიტო ბილეთი: AB ზონისთვის - 30 ევრო;

მოკლე დისტანციაზე გადაადგილებისთვის ბილეთის ღირებულებაა 1.7 ევრო, ვალიდურია მეტროს 3 გაჩერებაზე და ავსტობუსის ან ტრამვაის 6 გაჩერებაზე. 

ბილეთების ყიდვა და ვალიდაცია ევროპის სხვა ქალაქების მსგავსია. 

 

ღირსშესანიშნაობები:

ყველას თავისი პრიორიტეტი აქვს მოგზაურობისას. 

ბერლინი საკმაოდ შთამბეჭდავი და მრავალფეროვანია. ამიტომ უმჯობესია წასვლისას გადაახარისხოთ რას უნდა დაუთმოთ დრო და რა გსურთ აღმოაჩინოთ. 

მათთვის ვისაც კულტურა და ისტორია აინტერესებს ალბათ საწყისი წერტილი მუზეუმების კუნძულია. 

მუზეუმების კუნძულის 10 ანგელოზი

Berliner Dom

კუნძულზე ბერლინის ერთ-ერთი სიმბოლო ბერლინის კათედრალი მოინახულეთ. ეს ბერლინის ყველაზე დიდი პროტესტანული ტაძარია. შესვლის ღირებულება 7 ევრო. შეგიძლიათ 270 საფეხური აიაროთ და მისი გალერეაც დაათვალიეროთ. 

Altes Museum 

კათედრალიდან გამოსვლისთანავე ნეოკლასიკური არქიტეტურის სამყაროში შეგიძლიათ იმოგზაუროთ და ესტუმროთ ალტეს მუზეუმს. შესვლის ღირებულება 10 ევრო. 

Neues Museum

ალტეს მუზეუმის უკან ინაცვლებთ პრეისტორიული და ადრეული ისტორიის მუზეუმში,  შეგიძლიათ მოინახულოთ ეგვიპტური  განყოფილება თავისი პაპირუსის კოლექციით. შესვლის ღირებულება 12 ევრო.

Pergamonmuseum

რამდენიმე წუთში გხვდებათ პერგამონის მუზეუმი -   ერთ-ერთი მთავარი  მუზეუმი კუნძულზე.  აქ წარმოდგენილია პირვანდელი სახისა და ზომის რეკონსტრუირებული მონუმენტური შენობები, როგორიციაა პერგამონის საკურთხეველიმილეტის ბაზრის კარიბჭეიშთარის კარიბჭე და ყველა მათგანი შედგება ფილებისგან, რომლებიც თავდაპირველი გათხრების ადგილებიდან გადმოიტანეს.

მუზეუმი დაყოფილია ანტიკურ კოლექციად, ახლო აღმოსავლეთის მუზეუმად და ისლამური ხელოვნების მუზეუმად. მას ყოველწლიურად დაახლოებით 850.000 ადამიანი სტუმრობს. თუ გსურთ ერთ-ერთი მათგანი თქვენ გახდეთ, გაითვალისწინეთ მუზეუმის დათვალიერება 12 ევრო ღირს. 

Bode Museum

პერგამონის მუზეუმიდან რამდენიმე ნაბიჯში, კუნძულის უკიდურეს ნაწილში, ბერლინის ერთ-ერთი სიმბოლო - ბოდეს მუზეუმია. აქ ქანდაკებები, ბიზანტიური ხელოვნება და სამონეტო კაბინეტია წარმოდგენილი. შესვლის ღირებულება კი 10 ევროა. 

DDR Museum

გადავინაცვლოთ მუზეუმების კუნძულიდან მარჯვნივ. ბოდეს მუზეუმიდან 10 წუთის სავალზე შეგიძლიათ ცივი ომის პერიოდში ორად გაყოფილი ბერლინი ნახოთ. ტურის ღირებულება 10 ევრო.

Fernsehturm  

დაახლოებით 8 წუთში ალექსანდერპლაცს, მთავარ მოედანს ვუახლოვდებით და წინ გვხვდება 360 მეტრის სატელევიზიო ანძა. შეგიძლიათ ლიფტით ახვიდეთ ბოლომდე და დატკბეთ ბერლინის სრული 360 გრადუსიანი ხედით, ხოლო 207 მეტრის სიმაღლეზე რესტორანში ისადილოთ. ანძას ყოველწლიურად 1.2 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს  და თუ გსურთ ერთ-ერთი მათგანი თქვენ იყოთ, რეკომენდებულია ბილეთების წინასწარ დაჯავშნა. ბილეთის ღირებულება 16 ევრო.

Alexanderplatz

დაახლოებით 7 წუთში ალექსანდერპლაცზე ხართ. ეს სახელი რუსეთის მეფის ალექსანდრე პირველის საპატივსაცემოდ ეწოდა. მოედანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბერლინის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ბერლინის დაყოფის დროს, აღმოსავლეთ ბერლინის ცენტრს წარმოადგენდა და ადგილობრივი მთავრობის მიერ სოციალისტური არქიტექტურის დემონსტრირების მთავარი არეალი იყო. 1989 წელს ამ მოედანზე დაიწყო მიტინგი, რასაც შემდგომში ბერლინის კედლის დამხობა მოჰყვა.

დღეს ნებისმიერი მიმართულებით გადაადგილებისთვის სატრანზიტო როლსაც ითავსებს.  აქვეა შოპინგ ცენტრი "ალექსა".

Märkisches Museum

მოედნიდან 15 წუთის დაშორებით ბერლინის ისტორიის მუზეუმია. მუზეუმია რამდენიმე ნაწილად იყოფა. შესვლის ღირებულება 4 ევროდან. 

East Side Gallery

25 წუთში ბერლინის კედლის ყველაზე მნიშვნელოვან დარჩენილ ნაწილთან მიხვალთ, დღეს ეს 1 კილომეტრის სიგრძის კედელი მსოფლიოში ყველაზე გრძელ ღია გალერეას წარმოადგენს. ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, 21 ქვეყნიდან 118 მხატვარი ჩამოვიდა და თავისი უნიკალური ნამუშევარი დატოვა განვითარებული მოვლენების თემატიკაზე. ასე შეიქმნა აღმოსავლეთის მხარის გალერეა ღია ცის ქვეშ. 

Gendarmenmarkt

მუზეუმების კუნძულიდან მარცხნივ, სანამ ბრანდერბურგის კარიბჭეს მოინახულებთ, 15 წუთის სავალზე,  Gendarmenmarkt - ევროპის ულამაზესი სკვერი გვხდებათ. სკვერის ცენტრში გერმანელი პოეტის ფრიდრიხ შილერის ქანდაკებაა, სკვერის გარშემო კი საკონცერტო დარბაზი და ორი იდენტური, საპირისპიროდ მდგარი კათედრალი გხვდებათ: Franzosischer Dom  და Deutscher Dom (ფრანგული კათედრალი და გერმანული კათედრალი). 

Checkpoint Charlie

დაახლოებით 10 წუთში აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინის კედლის ცნობილ სასაზღვრო პუნქტს მიადგებით. 2 ოთახისგან შემდგარი მუზეუმი ეძღვნება თავისუფლებას, ასახავს იმ ნივთებს რომლებიც კედელზე გადაძვრომისას გამოუყენებიათ, გვიყვება ამ ადამიანების და ასევე  კედლის მოწინააღმდეგეების, თავისუფლებისთვის შეწირული მოქალაქეების ისტორიას, ასევე იმ ქვეყნების და სიტუაციების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, სადაც დღეს მსგავსი მოვლენები და შეზღუდვებია. 

მუზეუმში შესვლის ღირებულება - 12.5 ევრო. 

Madame Tussauds Berlin

სკვერიდან ბრანდერბურგისკენ მიმავალ გზაზე, დაახლოებით 10 წუთში, შეგიძლიათ ეწვიოთ მადამ ტუსოს მუზეუმს, თითქმის ყველა ცნობილი და პოპულარული პირის ცვლილის ფიგურების კოლექციას. შესვლის ღირებულბა 16 ევროდან იწყება და ყველაზე დიდი პაკეტი 54 ევროს ღირებულებისაა.

Holocaust Memorial

7 წუთში ჰოლოკოსტის ცნობილი მემორიალია. 2005 წლიდან ბერლინს ეს სკულპტურები შეემატა და ეძღვნება მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულ ებრაელ მოსახლეობას. შესვლა უფასოა. 

Brandenburger Tor

ბრანდერბურგის კარიბჭე, ბერლინის ყველაზე პოპურალური ადგილი ჰოლოკოსტის მემორიალიდან 5 წუთში შეგხვდებათ.თავდაპირველად ქალაქში შესვლის ფუნქცია ჰქონდა, ხოლო როცა ბერლინი გაიყო, ადგილობრივებს ქალაქის მეორე ნაწილი რომ დაენახათ, კარიბჭეს ზედა ნაწილზე ადიოდნენ ხოლმე. 

კარიბჭის წინ საელჩოების ქუჩაა, წარმოდგენილი ამერიკის და საფრანგეთის საელჩოებით.

Reichstag

გერმანიის პარლამენტის შენობა ბრანდერბურგის კარიბჭედან 5 წუთში გხვდებათ. შენობაში შესვლა უფასოა, თუმცა წინასწარ უნდა დარეგისტრირდეთ. ასევე შეგიძლიათ ლიფტით ასვლა სახურავზე და ტერასებიდან ულამაზესი ხედის ნახვა. 

Deutsches Technikmuseum

ბრანდერბურგის კარიბჭესთან ახლოს მდებარეობს საკმაოდ მოცულობითი და მრავალფეროვანი ტექნოლოგიური მუზეუმი. ტურის ღირებულება - 8 ევრო.

 Potsdamer Platz

თუ ტექნოლოგიური მუზეუმი თქვენს ინტერესებში არ ჯდება, მაშინ გზას გააგრძელებთ პოტსდამერ პლაცამდე - ეს ევროპის ერთ-ერთი ცოცხალი სკვერია უამრავი ბარებით, კაფეებით, რესტორნებით, მაღაზიებით, კინოთი, სონის ცენტრით. ვფიქრობ განტვირთვის ან საღამოს გასატარებლად აუცილებლად მოგეწონებათ.

Gemäldegalerie

დაახლოებით 10 წუთში შუა საუკუნეების ყველაზე პრესტიჟული ნახატების გალერეას ეწვევით. შესვლის ღირებულება 10 ევრო.

Tiergarten

20 წუთში ბერლინის მთავარ მწვანე ზოლში იქნებით, ტიერგართენი საუკეთესო ადგილია განსატვირთად და რელაქსაციისთვის, თან თუ გავითვალისწინებთ როგორი მოსახერხებელი მდებარეობა აქვს ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან. ამ ვრცელ ტერიროიაზე არის ბერლინის ზოოპარკი, Bellevue-ს სასახლე, გამარჯვების ქანდაკება. 

Kunstmarkt

Flea Market-ის მოყვარულებს ტიერგართენიდან 15 წუთში ნამდვილი სამოთხე გელოდებათ. ძველი ნივთები, სამკაულები, ანტიკვარიატი ბერლინის წარსულში გამოგზაურებთ და შეიძლება დამალული განძიც აღმოაჩინოთ. აქვე ტრადიციული კერძების და ლუდის დაგემოვნების საშუალებაც გაქვთ. 

Schloss Charlottenburg

დაახლოებით ნახევარ საათში შარლოტენბურგის სასახლესთან მიხვალთ. მე-17 საუკუნეში ფრიდრიხ მე-3-ემ ეს სასახლე აუშენა მის მეუღლეს სოფია შარლოტს და ასე შეიქმნა ყველაზე დიდი სასახლე ბერლინში. სასახლე რამდენიმე ნაწილად იყოფა და თითოეულ ნაწილს თავისი ბილეთი აქვს. საშუალოდ შესვლის ღირებულება 10 ევროა. ხოლო სასახლის ბაღებში შესვლა უფასოა.

აქვე არის Kleine Orangerie რესტორანი, ფინჯან ჩაისთან ერთად არაჩვეულებრივი ხედით შეგიძლიათ დატკბეთ. ხოლო აპრილიდან ოქტომბრამდე მის მიმდებარედ კლასიკური მუსიკის კონცერტი იმართება, იგრძნობა მე-17 მე-18 საუკუნის აურა და შესაბამისი მელოდიები. 

 საავტორო უფლებები დაცულია. დაგვიკავშირდით სტატიის სხვა საიტზე განთავსებამდე. 

 

 

 

დაგვიკავშირდით:
 მის: პეკინის ქ.#34, ბიზნეს ცენტრი საბურთალო, მე-2 სართული, 0160 თბილისი, საქართველო         info@everywhere.ge    T:. 0322 238831   facebook.com/evtoursgeorgia
© 2017 everywhere.ge All Rights Reserved. Designed By DigitalFrame